პარტია "საქართველოს გზის" ყოფილი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის შესაძლოა, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, არ ადასტურებს.
როგორც მან გადაცემა "პოზიციის" ეთერში აღნიშნა, დაიკავებს თუ არა ის რომელიმე თანამდებობას, ჯერ გარკვეული არ არის.
მისი თქმით, ყოველთვის გეგმავდა პოლიტიკაში დაბრუნებას, შესაბამისად, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც არაერთხელ შეხვდა.
"არჩევნების შემდგომ რამდენჯერაც ჩამოვედი იმდენჯერ შევხვდით და იმდენჯერ გვქონდა სწორედ განხილვა იმისი, თუ რა, როგორ და როდის იქნებოდა ჩემი დაბრუნება ამ საქმეში. არ ყოფილა შეხვედრა ამ ჩამოსვლაზე. ვემზადები ყველაფრისთვის. ყველაფერზე გვქონდა საუბარი პრემიერთან, ანუ არაკონკრეტულად ადგილობრივზე, მაგრამ ადგილობრივში რომ მონაწილეობას მიიღებს ეს პარტია ეს არის აუცილებლობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მათ, როგორც სხვებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და გაარკვიონ ის, რაც ამ ქვეყანაში არასდროს გაირკვა - ვინ რამდენს წარმოადგენს, ვის აქვს ვისი მხარდაჭერა და შემდეგ უნდა შედგეს კოალიცია.
ამასთან, ზურაბიშვილი არაა დარწმუნებული, რომ შეძლონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ღირსეული ოპოზიციონერობა შეძლოს, რადგან ამ ფასადის უკან რეალურად, სიღარიბეში ჩაძირული ქვეყანაა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარია პროცესი დაიწყოს და ქვეყანა ეკონომიკურად ამოქმედდეს.