31 მარტს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ნანა ფაჩუაშვილის ბენეფისი, რომლის დასრულების შემდეგ თეატრის წინ ნანა ფაჩუაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
წამოდგენილი იქნება ნაწყვეტები ნანა ფაჩუაშვილის სპექტაკლებიდან: ,,დარისპანის გასაჭირი'' - რუსთაველის თეატრი (რეჟ. რობერტ სტურუა); ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" - რუსთაველის თეატრი(რეჟ.გოგა თავაძე); მილიონერის ვიზიტი - ახმეტელის სახ.დრამატული თეატრი (რეჟ.დათო ანდღულაძე) და გამარჯობა 100 დოლარიანო - თეატრი ათონელზე(რეჟ. ქეთი დოლიძე).
ნანა ფაჩუაშვილს ბენეფისზე პარტნიორობას გაუწევენ ნინელი ჭანკვეტაძე და ნუგზარ რუხაძე. ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობები: ნინო კასრაზე, ზაზა პაპუაშვილი, დათო პაპუაშვილი და მარი ჯანაშია.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ნანა ფაჩუაშვილის როლების ვიდეო კოლაჟი. ასევე გაიმართება წიგნის ,,მე და ჩემი რეჟისორები" პრეზენტაცია. ავტორი-მანანა თევზაძე (წიგნი გამოიცა ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებით).
ბენეფისის თანადამფინანსებელი გახლავთ თბილისის მერია, რომელიც ასევე ნანა ფაჩუაშვილს დააჯილდოვებს საპატიო წოდებით,, ქართული კულტურის ამაგდარი".
ბენეფისის შემდეგ, თეატრის წინ ვარკსვლავის გახსნა და კაფე "ქიმერიონში" საზეიმო მიღება გაიმართება.
სახალხო არტისტი ნანა ფაჩუაშვილი დაიბადა 1943 წელს. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1964 წლიდან. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ევა (ი. შტოკი ,,ღვთაებრივი კომედია", რეჟისორი _ ბ. კობახიძე), მზია (გ. ნახუცრიშვილი ,,ჭინჭრაქა", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი),
პოლი პიჩემი (ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა", რეჟისორი _ დ. ალექსიძე), სუსანა (ა. მილერი ,,სეილემის პროცესი", რეჟისორი _ რ. სტურუა), თმაგაჩეჩილი, მომღიმარი, მოტირალი, მწვანეკაბიანი, სოფლელი გოგონა, დედოფალი (სულხან-საბა),ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა", რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი), ლია და გულიკო (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე", რეჟისორი _ რ. სტურუა), სონა (ა. ცაგარელი ,,ხანუმა", რეჟისორი _ რ. სტურუა), ფაცია (შ. დადიანი ,,გუშინდელნი", რეჟისორი _ თ. ჩხეიძე), ელისო (თ. ჭილაძე ,,აკვარიუმი", რეჟისორი _ გ. ჟორდანია), მარიკა (თ. ჭილაძე ,,მოულოდნელი სტუმარი", რეჟისორი _ თ. ჩხეიძე) და სხვა.