დღეს, 6 მარტს, 18:00 საათზე - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია „ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე".
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი" აგრძელებს, დიდი ქართველი რეჟისორის, პედაგოგის, თეატრის თეორეტიკოსის მიხეილ თუმანიშვილის ნაშრომების გამოქვეყნებას. დაიბეჭდა წიგნი IV „ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე". დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა რეჟისორის ნააზრევს თეატრზე, ზოგადად ხელოვნებაზე, ცხოვრების, მეცნიერების და ხელოვნების ურთიერთგავლენაზე. სამასორმოცდაათ გვერდიანი წიგნი მოიცავს თუმანიშვილის დღემდე უცნობ, გამოუქვეყნებელ წერილებს თეატრის სხვადასხვა მნიშვნელოვან თეორიულ და პუბლიცისტურ საკითხებზე. წიგნში შესულია მიხეილ თუმანიშვილის წერილები სანდრო ახმეტელზე, ჟან ლუი ბაროზე, მსახიობის ხელოვნებაზე, ქმედითი ანალიზის მეთოდზე, ტელევიზიის ხელოვნებაზე, ეროვნულობის და თვითმყოფადობის საკითხებზე... კრებულში ასევე შევიდა თეორიული წერილების ციკლი: „ინფორმაციის თეორია და ხელოვნება", „რეჟისურის შესავალი", „მეცნიერება და ხელოვნება", „წიაღსვლა სტილთა იდუმალ სამყაროში", „თეატრალური ხელოვნების სფეციფიკა", „სამსახიობო ხელოვნების პირველადი ელემენტები" და სხვა.
წიგნი შეადგინეს და ტექსტზე იმუშავეს ელენე (ლიკა) თუმანიშვილმა და თამარ კობახიძემ; რედაქტორი - დიმიტრი თუმანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები