საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,26 მაისთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოწმის სტატუსით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკითხვის შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ახსნა-განმარტების მიცემის პროცესით კმაყოფილია.
"დავინახე, რომ 26 მაისთან დაკავშირებით სერიოზული დაინტერესებაა პროკურატურის მხრიდან. ბევრი ინფორმაცია მივეცი გამოძიებას. თუმცა საქმე კიდევ ბევრია. წარვუდგინე კონკრეტული სია ჩვენი თანამებრძოლებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ დაიკითხონ, მათ შორის ჩემი ქმარი და ჩემი შვილიც არიან", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესშია ყველა ეპიზოდი, განსაკუთრებით ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრების ფაქტები ბოლომდე იქნება გამოძიებული.
"მალე საზოგადოება დაინახავს "ნაციონალური მოძრაობის" რეალურ სახეს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება მალე დასრულდება და სერიოზული მასალა დაიდება. სამართალმა უნდა იზეიმოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ არ იცის გამოძიების პროცესში კიდევ დაიკითხება თუ არა.