აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ.
„უიტკოფი და კუშნერი მოსკოვს ომის დასრულების წინადადებას წარუდგენენ“, –-განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა უიტკოფსა და კუშნერს „შესანიშნავი მომლაპარაკებლები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“.
უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. მოსკოვში ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ, 6 სექტემბერს კი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„საჭიროა, ეს საკითხი დარეგულირდეს. და მე ეს გავაკეთე. გავაგზავნე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორი შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და ჩვენ ისინი გავაგზავნეთ იმის გასარკვევად, შევძლებთ თუ არა რაიმე შეთანხმების მიღწევას და, შესაძლოა, ამის კარგი შანსიც გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღბიშნა, რომ რვა ომი დაასრულა.
„რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობს პრობლემა, რომელიც პიროვნულ თვისებებს უკავშირდება. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? ეს სერიოზული სიძულვილია. ეს სიძულვილი მათ ხელს უშლით“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
„მე პუტინს ვესაუბრე და მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.