სირიელმა მეამბოხეებმა დახურული სამხედრო ობიექტი „ალ-ხუბარი" დაიკავეს. ობიექტი მდინარე ევფრატთან მდებარეობს და იქ 2007 წელს ბირთვული რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" იუწყება. 2007 წელსვე, ყველა მშენებლობა ობიექტზე ისრაელის ავიაციის მიერ იქნა განადგურებული.
ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მას შემდეგ „ალ-ხუბარი" სამხედრო ბაზის ფუნქციით გამოიყენებოდა. ერთ-ერთ სანგარში საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ბალისტიკური რაკეტა „სკადი" იპოვნეს. ამას გარდა, მეამბოხეებმა დაინახეს, რომ შტურმის წინ ხელისუფლების ვერტმფრენებით, აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. კონკრეტულად რა გაიტანეს ბაზიდან, ეს ოპოზიციონერებმა არ იციან.
ამავე დროს, მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ ზუსტად ამ ადგილიდან სახელისუფლო ძალები ოპოზიციის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდნენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ თუ საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს ინსპექტორები ამ ობიექტით დაინტერესდებიან, მათ ის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნახონ.
უკანასკნელ თვეებში ოპოზიციურმა ძალებმა სირიის აღმოსავლეთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: დაიკავეს რამდენიმე სამხედრო ბაზა და რეგიონის მსხვილი ქალაქების რაიონების უმრავლესობა. სამოქალაქო ომი სირიაში უკვე ორი წელია რაც გრძელდება და მას დაახლოებით 70 ათასი ადამიანი შეეწირა.