დღეს, 15 თებერვალს, 16:00 საათზე თეატრალური უნივერსიტეტის I ადმინისტრაციულ კორპუსში, სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართება კოტე მარჯანიშვილის წიგნის პრეზენტაცია. (უნიკალური საარქივო მასალები) უნიკალური პროექტი ,,ქართული კულტურის ოქროს ფონდი" მიზნად ისახავს, აჩვენოს ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეთა ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალები, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
პრეზენტაციას ჩაატარებს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კიკნაძე.
პროექტში, საარქივო ონაცემებთან ერთად, გამოყენებულია ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალები.
"ქართული კულტურის ოქროს ფონდის" პირველი ტომი საქვეყნოდ ცნობილი თეატრალური რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
წიგნში თავმოყრილია კოტე მარჯანიშვილის მემუარები; მისი ბიოგრაფიის, პლატონ კეშელავას, ჩანაწერები; რეჟისორის მეუღლის ელენე დონაურის და სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების მოგონებები; გამოცემას თან ახლავს უნიკალური ფოტომასალა.
მის: რუსთაველის გამზ. 19