"თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მის მიერ გამოქვეყნებული მასალა ეკუთვნის მხოლოდ მას და მის ქმედებებს "თავისუფლების ინსტიტუტის" საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
თუთბერიძის განცხადებით, მისი მიზანი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი.
"ფეისბუქის გვერდზე ჩემს საქმიანობას არანაირი კავშირი არა აქვს არც ერთ ინსტიტუტთან, უნივერსიტეტთან და მეტადრე ხელისუფლებასთან, რომლებთანაც არანაირი ფორმალური, ორგანიზაციული და წარმომადგენლობითი ურთირთობა არ მაკავშირებს. ჩემ მიერ გამოქვეყნებული მასალა ან საჯაროდ გაკეთებული კომენტარები მეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მე, როგორც კერძო პირს. მასალის გამოქვეყნება ზოგიერთის მიერ არასწორად იქნა გაგებული როგორც ჩემი მხრიდან ამ მასალის მოწონება და მხარდაჭერა. ბევრ რამეს, რასაც ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცებს ვაქვეყნებ არა იმიტომ, რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ აქტუალური და საინტერესოა. ჩემი მიზანი და სურვილი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ვწუხვარ, რომ ჩემ მიერ კიბერსივრცეში გამოტანილი მასალა, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო. მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა", _ ნათქვამია თუთბერიძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
თუთბერიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ყველა თვალსაზრისი, მიუხედავად იმისა, რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი.
"მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველამ ავირიდოთ თავიდან აგრესია და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის, განსხვავებულ თვალსაზრისს მოვეპრყათ კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით და არ გავცდეთ ცივილიზებული კამათის ფარგლებს", _ აცხადებს თუთბერიძე.