გაერო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას დიდ ყურადღებას აქცევს. სასამართლო სისტემის შესახებ საბაზისო კვლევის ჩატარებისას მოსახლეობას ასევე დაუსვეს კითხვები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ნაფიც მსაჯულთა თემას 2007 წელს გაერომ დამოუკიდებელი კვლევა მიუძღვნა და მაშინ გამოკითხული მოსახლეობის 39,9 პროცენტი ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. 2009 წელს ეს მონაცემები 66 პროცენტამდე გაიზარდა და დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ. მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუთვითცნობიერებელია ისეთ საკითხებში როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანა, არჩევის პროცედურები და ნაფინ მსაჯულთა მოვალეობები. გაეროში ამბობენ, რომ კვლევის შედეგებს ისინი მომავალი სტრატეგიის დაგეგმვის დროს გაითვალისწინებენ.