2009 წელს საქართველოში სამი ახალი ციხე გაიხსნა. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი, ექსპლუატაციაში შევიდა გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის თანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულება (თებერვალი), რუსთავის #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის ციხის პირველი კორპუსი (მარტი) და ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ოქტომბერი).
გარდა ამისა, რუსთავში აშენდა ახალი შენობა სამინისტროს სპეცრაზმისთვის და თბილისში, #5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიხსნა ცალკე საცხოვრებელი არასრულწლოვანი გოგონებისთვის.
ამასთან, მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლება და შევსება, ასევე სავარჯიშო მოედნების გახსნა.