შსს-ის აკადემიაში სტუდენტებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში აშშ საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს შსს აკადემიის, საქართველოში ეუთოს მისიისა და აშშ საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში აკადემიაში ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი 2 წლის წინ გაიხსნა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი პოლიციელებისთვის ინგლისური ენის სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს: მაღალკვალიფიციური პოლიციელების მომზადებას;
მათ ჩართვას საერთაშორისო მისიებში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის უწყებებს შორის თანამშრომლობას.
აღნიშნული ცენტრი დღესდღეობით 150 მოქმედ პოლიციელს ამზადებს. პროექტში ჩართულნი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, მომსახურეობის სააგენტოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საქართველოში ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენლები.