უახლოესი 4 თვის განმავლობაში საქართველოში 5 ახალი საპატიმრო დაწესებულება გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხათუნა კალმახელიძის უწყებაში განუცხადეს, მხოლოდ თებერვალში ექსპლუატაციაში ორი - ქსნის მე-7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება და რუსთავის 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება შევა.
მარტის თვეში დაგეგმილია არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნა, აპრილსა და მაისში კი, შესაბამისად, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ქალთა საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების ამოქმედება. მათ შორის, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დედათა და ბავშვთა ცალკე საცხოვრებელი შენობის გახსნაც.
გარდა ამისა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში განუცხადეს, დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან იაფი სესხის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში ახალი საპყრობილის მშენებლობას მოხმარდება.
ხათუნა კალმახელიძის უწყება წლის ბოლომდე ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების სპორტული ინფრაქსტუქტურის გაუმჯობესებასაც გეგმავს.