თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შ.ს.ს. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ადვოკატი გურამ გოგიძე, რომელიც თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების ნათესავების ფულად თანხებს.
ადვოკატი გურამ გოგიძე იურიდიულ მომსახურებას თაღლითობისთვის ბრალდებულ ლალი გელაშვილს უწევდა. მოტყუებით, თაღლითურად ფულის დაუფლების მიზნით გურამ გოგიძე ლალი გელაშვილს დაპირდა მისივე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პროკურატურასთან და ამ მოტივით 2009 წლის აპრილში ლალი გელაშვილის დას ირინა ლომთაძეს გამოართვა 5000 ლარი, რის შემდეგაც მას ატყუებდა და არწმუნებდა, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეული ჰქონდა პროკურატურასთან და უახლოეს მომავალში ლალი გელაშვილი გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, თანხა კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.
ადვოკატი გურამ გოგიძე იურიდიულ დახმარებას უწევდა ასევე ხულიგნობისათვის ბრალდებულ მანუჩარ გადრანს. ამ შემთხვევაშიც მან განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მანუჩარ გადრანის დედის, ნორა გადრანის ფულად თანხას. გ. გოგიძე ნორა გადრანსაც დაპირდა მისი შვილის, მანუჩარ გადრანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდა პროკურატურასთან და ამ მოტივით 2009 წლის 21 ნოემბერს ნორა გადრანს გამოართვა 5000 ლარი.
ადვოკატ გურამ გოგიძის მიმართ წაყენებული ბრალი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მულის მეორე ნაწილით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამჟამად, საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.