,,სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, არვინ არ დაუკავებია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გორის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გატეხვის ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დილით მისულ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოფისი გატეხილი დახვდათ.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დილის შვიდის ნახევარზე გაიგეს, რომ ოფისი გატეხილი იყო. ადგილზე მისვლისას მათ შუშა დახვდათ ჩამტვრეული. წაღებულია ორი კომპიუტერი და საბუთები", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მძარცველებს ,,ქართული ოცნების" შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ.
,,ჩვენმა წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია მივიდა და დაიწყო საქმის გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მძარცველებს აინტერესებდათ ინფორმაცია და არა რამე ქონება", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა.
მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
,,ოფისში პოლიცია მუშაობს და ჩვენი წარმომადგენლებიც იქ არიან", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, კოალიცია ,,ქართული ოცნების" გორის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს დილით ოფისი გატეხილი დახვდათ.