თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ჩაღლაიანის სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სულმცორე 150 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები ქვეყანაში ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ მიმდინარე დაკავებებსა და რეიდებს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები სასამართლოსთან პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა შეკრებილებს არაერთხელ განუცხადეს, რომ აქცია უკანონო იყო, რის შემდეგაც დაკავებები დაიწყეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს თავისუფლებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
აქცია თურქეთში ლგბტქ+ ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ ოპერაციას მოჰყვა. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაცია „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა“ ბავშვებისა და ოჯახის ღირებულებების დაცვის მიზნით მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრ აქინ გიურლექის განცხადებით, გამოძიება 15 პროვინციაში 162 ადამიანს, ცხრა ორგანიზაციასა და 13 კომპანიას შეეხება. ბოლო დღეებში სტამბოლსა და ანკარაში ათობით ადამიანი დააკავეს, ხოლო იზმირში სასამართლომ 16 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაჰერტიმ თურქეთში ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ დაკავებების, რეიდებისა და ონლაინშეზღუდვების გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ „ოჯახური ღირებულებების“ ან „ბავშვების დაცვის“ არგუმენტები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ვერ გაამართლებს.