განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაშვებული გამონაკლისისთვის, წინააღმდეგობის გაწევა არასწორია. ამის შესახებ მან ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ, ყალბი ატესტატების გაცემის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო სპეციალური სერიის დოკუმენტები, რომლითაც მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები ისარგებლებენ.
გაბაშვილის განმარტებით, გამონაკლისი ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიშვა, ვინაიდან საქართველოში ისინი სწავლას ვერ შეძლებენ, მათ მისცემოდათ სპეციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოში ისწავლეს, თუმცა, საქართევლოს უმაღლესში ამ დოკუმენტით ვერ ჩააბარებდნენ.
,,ამ ინიაციატიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არასწორია. განათლების სამინისტროდან მაშინ გამოვითხოვეთ და დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია. არცერთი საბუთი, რომლითაც ადამიანს შეეძლო, ატეტსტატის გარეშე სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა, არ გაცემულა. მხოლოდ გაიცა საბუთი, რომლითაც სასწავლებლად გახვიდოდი საზღვარარეთ. რაც ბოლონიის პროცესთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ყალბია ატესტატი, რომელსაც ადამიანს მისცემ იმ შემთხვევასიც კი, თუ ვერ ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს. მაგრამ თუ მისცემ დოკუმენტს, რომ მან ნამდვილად ისწავლა შენს სკოლაში, ეს არის ჰუმანური მიდგომა ეთნიკური უმცირესობების მიმართ და არა კრიმინალი,, - განმარტა გაბაშვილმა.
მისი მტკიცებით, აღნიშნული სახის დოკუმენტი 300-მდე პირმა მიიღო და მათ შორის არცერთი ეთნიკურად ქართველი არ იყო.
გაბაშვილს აღნიშნული დოკუმენტის ნიმუში არ უნახავს და შესაბამისად, არ იცის, კონკრეტულად, ჰქვია თუ არა მას ატესტატი.
გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა.
მისივე თქმით, როდესაც ის ამ საკითხზე დიმიტრი შაშკინს დაელაპარაკა, ის ამისათვის მზად იყო. "მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკურად ასე იყო საჭირო. დიმიტრი შაშკინმა დამაბარა, რომ შენს თანამშრომლებს უთხარი, რომ ეს ატესტატები არის ყალბი და დაწყნარდეს ყველა. ეს არის კრიმინალი", _ განაცხადა მიმინოშვილმა.