საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური მისწრაფებების გამო, საჯარო მოხელეების სამსასახურებიდან გათავისუფლება, თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გავრცელებული ინფორმაცის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე საჯარო სამსახურის თანამშრომელს ხელმძღვანელები ეუბნებიან, რომ არსებობს ფოტოები, რომლებიც ადასტურებს მათ მონაწილეობას 27 მაისს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაში.
წიკლაურის განცხადებით, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია საჭიროებს დოკუმენტურ მტკიცებულებას, რადგან შესაძლოა იგი ცრუ ინფორმაცია იყოს და გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდეს.
ზოგადად კი წიკლაურისთვის საჯარო მოსამსახურეებზე, მათი ხელმძღვანელობის მხრიდან, პოლიტიკური მისწრაფების გამო, რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება, სრულიად მიუღებელია.
"ეს არავითარ კავშირში არ არის არც დემოკრატიასთან და არც იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც დღეს ვაშენებთ. საჯარო მოხელის დაფინანსება, გადასახადის გადამხდელის მიერ ხდება და როდესაც სახელმწიფო უწყებაში მუშაობს, მას გადასახადის ყველა გადამხდელი აფინანსებს. ამიტომ მათი პოლიტიკური პოზიცია, მათი პოლიტიკური მისწრაფებები, მათი პირადი საქმეა და როგორც უნდათ ისე გამოხატავენ ამ პოლიტიკურ მისწრაფებებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს სამუშაო საათებში არ უნდა დააზარალოს ის პროცესი, რომელიც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, პარლამენტშიც ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებიც ერთი პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე არ არიან, თუმცა ამის გამო რაიმე სახის პრობლემები არ ჰქონიათ.