განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეროვნული გამოცდების წარმატებულად ჩატარების შესახებ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მზადაა მინისტრის პოსტი დატოვოს, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა. მან სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შემდეგ მიიღო. ჯამბურია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, რომ მაია მიმინოშვილის მსგავსი პროფესიონალები საქართველოში ძალიან ცოტაა.
,,საუბედუროდ, ქალბატონი მაიას მსგავსი პროფესიონალებით ჩვენი ქვეყანა განებივრებული არ არის და როდესაც ასეთ ადამიანს უშვებ ვინ უნდა იყოს შემცვლელი და ვინ უნდა გააკეთოს ეს საქმე, ეს შეკითხვა პატივცემულ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დავუსვით. თუ ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას, რომ ეროვნული გამოცდები ისევ იმ დონეზე ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა. ვუთხარი, რომ ამ პასუხისმგებლობას, ბატონი კობა სეფერთელაძე იტვირთავდა, რადგან ის არის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მინისტრმა მიპასუხა, რომ ამაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა და მითხრა, თუ გამოცდები კარგად ვერ ჩატარდება თანამდებობიდან გადადგება",_ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა ჯამბურია.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების ტესტები ინგლისში უკვე დაბეჭდილია და ისინი გამოცდების დაწყების პერიოდში საქართველოში ჩამოვა.
"შესაბამისად თუკი ასეთი თავდაჯერებულია ბატონი მინისტრი, როგორც ჩანს, მან ზუსტად იცის, რასაც ამბობს და მას ალბათ, ჰყავს ის გუნდი ვინც ჩვენს თანამშრომლებს ჩაანაცვლებს. ყოველ შემთხვევაში, გამოცდების ტესტები ინგლისში უკვე დაბეჭდილია და კონტეინერებით გამოცდების დაწყების წინ ჩამოვა", _ განაცხადა გამოცდების ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა კახა ჯამბურია.