განათლებს, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილის განცხადებით, დიმიტრი შაშკინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასატარებლად.
გაბაშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თანამდებობების დატოვებას უარყოფითად აფასებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს საგამოცდო პროცესებს არ შეაფერხებს.
"მინისტრის დისკრეციაა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის დანიშვნა გათავისუფლება. ორივე მხარე სამინისტროც და მიმინოშვილიც ამბობს, რომ შეუთანხმებლობა იყო პრინციპულ საკითხებზე. მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და ახლა სამინისტრომაც და ცენტრმაც უნდა მოახერხოს, რომ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს და იმედი მაქვს ორივე მოახერხებს",- განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს მიუძღვის სერიოზული წვლილი საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბებაში და იმაში რაც ფუნქციონირებს.
გაბაშვილის განცხადებით, შაშკინსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმ რეფორმებში, რომლებსაც ახლა ახორციელებს, დაწყებული სკოლის უსაფრთხოების, დამთავრებული ახალი სასწავლო გეგმებით ინგლისურისა და კომპიუტერის ინტენსიური სწავლებით და სკოლების კომპიუტერიზაციით.
დეპუტატის მტკიცებით, პრობლემები შაშკინსა და მიმინოშვილს შორის, განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე, ახალი არ არის და პოლიტიკური ნიშნით მის გათავისუფლებაზე საუბარი ,,სისულელეა,,
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ახლა გამოცდების გადარჩენაა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
განათლების სამინისტრომ მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ოფიციალურ მიზეზად განცხადებაში "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა" სახელდება.