უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, რომ ,,ამნესტი ინტერნეიშენალის" დასკვნა ლოიალურია და ის მეტ-ნაკლებად ასახავს საქართველოში შექმნილ სიტუაციას.
,,ორგანიზაციის დასკვნა მეტ-ნაკლებად ასახავს საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ჩემი აზრით ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელსაც ,,ამნესტი ინტერნეიშენალი" არ შეხებია. არ ვამბომ იმას, რომ ყველაფერი მათ მანდატში შედის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ორგანიზაციის დასკვნაში არ ასახულა პოლიტპატიმრების თემაა", _ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.
მისივე განცხადებით, "ამნესტი ინტერნეიშენალის" დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ლოიალურია.
"ორგანიზაცია სხვა ქვეყნებში არსებული სიტუაციას საკმაოდ ობიექტურად და კარგად ასახავს ანგარიშებსა და შეფასებებშიც.მაგალითად, თუნდაც უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოსთან მიმართებაში ,,ამნესტი ინტერნეიშენალის" დასკვნა ლოიალურია. Aარ ვიცი ეს პოლიტიკის, თუ რისი შედეგია, მაგრამ ვერ ვიტყვი ობიექტურობით 2011 წლის დასვნა დიდად განსხვავებულია წინა დასკვნებთან შედარებით, მაგრამ გაცილებით უფრო პირდაპირები და ობიექტურები არიან სხვა ქვეყნების შეაფასებების დროს", _ აცხადებს ნანა კაკაბაძე.
შეგახსენებთ: "ამნესტი ინტერნეიშენალმა" საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებაში სამი ძირითადი საკითხია გამოყოფილი:
•პოლიციის მიერ დემონსტრაციების დარბევისას გადამეტებული ძალის გამოყენება.
•იძულებით გადადგილებულ პირთა გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.•შემაშფოთებელი მდგომარეობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში.
ანგარიშში საუბარია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას დარღვეული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ვინაიდან, გამოსახლება ხდებოდა ადეკვატური კონსულტაციის, შეტყობინების თუ სამართლებრივ საშუალებებზე ხელმსაწვდომობის გარეშე. განსახლებისას ადეკვატური საცხოვრებლის ასპექტები ყოველთვის არ იყო დაცული, როგორიცაა ხელმისაწვდომობა დასაქმებასა და შემოსავლის მდგრად წყაროზე.
,,ამნესტი ინტერნეიშენალი" დეტალურად მიმოიხილავს 2011 წლის დემონსტრაციებისას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. საუბარია 2011 წელს 3 იანვრის და 26 მაისის აქციებზე, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მანიფესტაციები. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე არ ჩატარებულა.
აქვე აღნიშნულია, რომ კვლავ არ განხორციელებულა ეფექტიანი გამოძიება 2007 და 2009 წლის დემონსტრაციების დროს პოლიციელთა ქმედებებზე.
ანგარიშში საუბარია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე. მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", რომელშიც დადგენილია ადამიანის ფუნდამენტური ფულებების დარღვევები. კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება არ დაიწყო.