საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის მოგზაურობას რუსეთის რეგიონებში, საქართველოს ხალხთა დიასპორების წარმომადგენლებთან მის შეხვედრებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის მოწოდებას „გავერთიანდეთ!" საგრძნობი შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცის კონგრესის პრეს-ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის კონგრესის წევრობა დაადასტურა 4132 კაცმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ისტორიული სამშობლოდან. კონგრესს თავიანთ მხარდაჭერას უცხადებენ დიასპორების საზოგადოებრივი გაერთიანებები.
სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საქართველოს ხალხთა დისპორების 6 რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა. ალექსანდრე ებრალიძის ინიციატივით განიხილეს წინადადება საზღვარგარეთ საქართველოს ხალხთა დისპორების მსოფლიო ფორუმის მოწვევის შესახებ. დასახულია მოსამზადებელი მუშაობის ეტაპები და საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში კანდიდატურების დასახელება.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გადაწყდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიეპყროს ფორუმში საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა მონაწილეობის უზრუნველყოფას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ კონგრესის წევრობის მოწმობა გადასცა კრასნოდარის სამხარეო რეგიონალურ საზოგადოებრივ ორგანიზაციას „ქართველთა თემი „ივერია" (თავმჯდომარე მინდია გულუა), ქალაქ სოჭის სამხარეო კულტურულ ცენტრს „ივერიას" (თავმჯდომარე სიმონ უჩაძე) და ქალაქ სუზდალის „საქართველოდან დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას"(თავმჯდომარე ვალერი ქობალია).