ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მან „ზელენსკის წარმომადგენლებს“ გადასცა მოსაზრება, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ისევ ერთად იქნებიან.
„დარწმუნებული ვარ და ახლახან ვუთხარი ზელენსკის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი ხალხები ერთად იქნებიან, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით, აბა როგორ სხვანაირად“, - თქვა ბელარუსის ლიდერმა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოსთან შეხვედრაზე. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS იუწყება.
„დრო გავა, გონს მოვალთ და ურთიერთობებს დავალაგებთ, ამ მხრივ თქვენ ბელარუსის იმედზე შეგიძლიათ იყოთ“, - დაამატა მან.
ლუკაშენკამ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი და ბელარუსი საერთო სამშობლოა“.
„ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ აქ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. მაგრამ ეს ძალიან მეგობრული, ძმური სახელმწიფოებია და ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც ამ ერთიანობას დაანგრევს“, - აღნიშნა მან.