გამოიცა მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონის, სტუ-ის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომის მესამე, შევსებული გამოცემა: „ქართული ცურვა – კოლხურ-იბერიული სტილი“. წიგნი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ 2003 წელს რეკომენდებულ იქნა დამხმარე სახელმძღვანელოდ ცურვის მოყვარულთათვის.
წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უძველესი საგანძურის – ხელფეხშეკრული კოლხურ-იბერიული ცურვის მეცნიერულ შესწავლას, მის ისტორიულ ფესვებსა და პრაქტიკულ აღორძინებას. ავტორი ნაშრომში დეტალურად განიხილავს, რომ კოლხური ცურვა არ არის მხოლოდ სპორტი, არამედ ეს არის უნიკალური სამხედრო-საწვრთნელი და ფსიქოლოგიური მომზადების სისტემა, რომელიც საუკუნეების წინ აწრთობდა ძველ კოლხ მეომარს და ექსტრემალურ პირობებში, ტყვეობიდან გადარჩენის უნიკალურ შანსს აძლევდა.
ახალ შევსებულ გამოცემაში მკითხველი გაეცნობა:
• კოლხურ-იბერიული ცურვის ისტორიულ ფესვებსა და ანტიკურ წყაროებს;
• ტრადიციული სტილის აღორძინების ქრონიკასა და პირველ საერთაშორისო წარმატებებს;
• ცურვის ტექნიკის დეტალურ ანალიზს, გრაფიკულ სქემებსა და მისი გამოყენების მეთოდოლოგიას ხმელეთსა თუ წყალში;
• კოლხური სტილის როლს თანამედროვე სპორტსა და პარასპორტში;
• დოკუმენტურ დანართს, სადაც ასახულია ავტორის მსოფლიო საგინესო-სარეკორდო ასპარეზობები (დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გადაცურვის ისტორიული ქრონიკები).
წიგნის მესამე გამოცემის სულისჩამდგმელი და ხელშემწყობია მადლიერებისა და ბედნიერების მსოფლიო ელჩი, ცნობილი ექიმ- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი არსენ გვენეტაძე.
ნაშრომის რედაქტორია ირაკლი მეძმარიაშვილი (საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე), ხოლო რეცენზენტები არიან მაია აზარაშვილი (საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი) და მანანა ზამბახიძე (ცურვის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი). გრაფიკული სქემები ეკუთვნის ლევან ძაგნიძეს.
წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ქართული გენის გამძლეობა, ეროვნული სპორტის ისტორია და ისტორიული გამოცდილება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა წყალთან ურთიერთობით დაგვიტოვეს.
