უკრრუსეთის მოსახლეობაშიაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დაზვერვის მიერ რუსეთიდან მიღებული მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 80%-ზე მეტს ქვეყანაში მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი გარდაუვლად მიაჩნია.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ოლეგ ლუგოვსკისთან გამართული თათბირის შემდეგ დაწერა.
„ასევე მივიღეთ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეთა განწყობების შეფასებასთან დაკავშირებული რუსეთის შიდა დოკუმენტაცია. ამჟამად რუსებში შფოთვის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი კურსკის ოპერაციის დროს იყო და 50%-ს აჭარბებს. რუსების 66% საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას რთულად აფასებს. 80%-ზე მეტს კი მიაჩნია, რომ რუსეთში მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ეს სრულიად ნათელი მაჩვენებლებია, რომლებიც პუტინის სამხედრო პოლიტიკის ჩავარდნას ასახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა მასალები, რომლებიც მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში ყოველდღიურად ღრმავდება პრობლემები საწვავის უზრუნველყოფის, სამხედრო ლოგისტიკისა და მართვის მიმართულებით.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია ფაქტობრივად აღიარებს, რომ ვერ უმკლავდება იმ პრობლემებს, რომლებიც უკრაინის მიერ დაწესებულმა საშუალო და შორ მანძილზე მოქმედმა "სანქციებმა", განსაკუთრებით კი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა, გამოიწვია. მისი თქმით, მსგავსი ვითარება რუსეთის სხვა რეგიონებშიც შეინიშნება.
მედიის ცნობით, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავთან დაკავშირებული კრიზისი მწვავდება, რაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობასა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა, „მიიღონ ზომები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგები ინფრასტრუქტურაზე ნულამდე შემცირდეს“.