უკვე მეორე კვირაა ცხინვალში წყალი არ არის. ოსური მედია წერს, რომ წყალსადენზე ავარიის გარეშე ქალაქს უკვე თავისი არსებობა ვერ წარმოუდგენია. 2008 წლის აგვისტომდე წყალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს ქართული სოფლების მცხოვრებლებს აბრალებდნენ. საქმე ისაა, რომ ეს სოფლები წყალსადენთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომაც მოსახლეობა წყალსადენში ჩაჭრებს ახორციელებდა და ამ წყალს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა. ცხინვალში მაშინ აცხადებდნენ, რომ სწორედ ეს იყო ცხინვალის მუდმივი უწყლობის მიზეზი.
თუმცა ოსური მედია აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს ქართული სოფლები დაცარიელდა და "მას შემდეგ ცხინვალის უწყლობაში დამნაშავე მიზეზების რაოდენობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ედისი-ცხინვალის 61-კილომეტრიანი წყალსადენის რეკონსტრუქციისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 391 მილიონი რუბლი იყო გამოყოფილი, ანუ საშუალოდ 6 მილიონი ყოველ კილომეტრზე", _ წერს ოსური მედია და აღნიშნავს, რომ ამჟამად ედისი-ცხინვალის წყალსადენმა უკვე შეავსო იმ ობიექტთა სია, "რომელთა რეაბილიტაცია არასოდეს დასრულდება".