ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, მის მიერ The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, ,,სააკაშვილის ადვოკატი"! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობის მყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!" - წერს რაზმაძე.
რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა:
"[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ... ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე..." .