უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს, რადგან ამ შემთხვევაში ყველა მოკავშირეს დაკარგავს და შექმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც სხვა კონფლიქტებშიც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას გააჩენს.
„ყველას მოსდის აზრად, რომ მათ [რუსებმა] შესაძლოა, რაღაც კიდევ უფრო უარესი ჩაიდინონ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გარისკავენ. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში მათ ერთი მოკავშირეც აღარ დარჩებათ, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ და ჩინეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ბირთვული იარაღის ერთხელ გამოყენება სახიფათო პრეცედენტს შექმნის როგორც ბირთვული სახელმწიფოებისთვის, ისე სხვა კონფლიქტებისთვის.
„იმას ვგულისხმობ, რომ თუ ერთ ქვეყანას ამის გაკეთება შეუძლია, მაშინ, სხვა კონტინენტზე, სხვა კონფლიქტის შემთხვევაში - მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, ეს ნიშნავს, რომ თუ ბირთვული იარაღი ერთხელ გამოიყენეს, მისი მეორედ და მესამედ გამოყენებაც შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ სჯერა, თითქოს პუტინი ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
„არ ვფიქრობ, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გარისკავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქმე გვაქვს ადამიანთან და სისტემასთან, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთს ჩაეჭიდებიან - ის სისტემას, სისტემა კი მას. რადგან ის დატოვებს კრემლს და ძალაუფლებას ფიზიკურად, ბუნებრივი გზით გადააბარებს სხვას, მხოლოდ მაშინ, როცა მისი სიცოცხლე დასრულდება,. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.