საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ამ ქვეყნიდან ოპოზიციის გაქრობა. ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.
მისივე თქმით, შუამდგომლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკონკრეტოს, რომელ პარტიასთან რა პრეტენზია აქვს, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
„ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვით, ვის რას ვედავებითო, ეს მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. შუამდგომლობა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი, რადგან საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს“, – განაცხადა გეგელიამ.