უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, ბოლო მოუღოს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, თუ კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რიტორიკას შეცვლის.
„ტრამპს შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან ძალიან მარტივად დასვას. ტრამპმა პუტინის მიმართ ისეთივე რიტორიკა უნდა გამოიყენოს, როგორსაც ჩემ მიმართ იყენებს. მას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუძლია - ეს სანქციები მის მაგიდაზე დევს. მათ დასაწესებლად ხმა არა მას, არამედ კონგრესმა მისცა. შესაძლოა, მას და პუტინს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ, ან სხვა რამ არის მიზეზი - არ ვიცი, რაშია საქმე, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე უსამართლო უწოდა ტრამპის განცხადებებს, თითქოს აშშ-ში დიზელის საწვავზე ფასების ზრდაში უკრაინის პრეზიდენტს მიუძღოდეს ბრალი.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს. მისი თქმით, ვითარების შეცვლა ენერგეტიკულ ზავს შეეძლო, თუმცა ტრამპმა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ შეძლო.
„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხზე პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ პრეზიდენტი [ტრამპი] ბრალს პუტინს კი არა, მე მდებს. ის ამერიკელებს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთს ვურტყამთ. ეს სრული სიცრუეა.
ტრამპთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ უსამართლობაა, როცა ის ბრალს მე მდებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.