ახალი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 54% მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის საფუძვლის მქონე სამართალდარღვევები ჩაიდინა.
გამოკითხვა გამოცემა Politico-ს მიერ 16-19 ოქტომბერს ჩატარდა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მხარდაჭერას აპირებს ამომრჩეველთა 81%, ხოლო რესპუბლიკელების მხარდამჭერთა მეოთხედი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ისეთი სამართალდარღვევები ჩაიდინა, რომლებიც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
გამოკითხულთა 41%-ზე მეტი აცხადებს, რომ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა საკუთარი ან ოჯახის წევრების ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოიყენა.
გამოკითხვის მონაწილეთა მესამედი მიიჩნევს, რომ დემოკრატებმა, პირველ რიგში, ტრამპის გამდიდრების გზები უნდა გამოიძიონ. კიდევ ერთი მესამედის აზრით, მათ ყურადღება იმ მკაცრი ზომების გამოძიებაზე უნდა გაამახვილონ, რომლებიც ტრამპმა იმიგრანტების წინააღმდეგ გაატარა.
ამასთან, ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტრამპის წინააღმდეგ წინა ორი იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტზე ან მის პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ ახდენდა.
უფრო მეტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის კიდევ ერთი პროცედურის დაწყება მის პოპულარობას გაზრდის (24%), ვიდრე შეამცირებს (18%).
დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებშიც აზრი ორად იყოფა იმის შესახებ, უნდა წამოჭრან თუ არა მათმა კანდიდატებმა იმპიჩმენტის საკითხი კონგრესის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს. გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ კანდიდატებმა იმპიჩმენტის დაწყების გეგმა უნდა გააჟღერონ, მაშინაც კი, თუ ეს დემოკრატებს ხმების დაკარგვად დაუჯდებათ. ამასთან, 41% მხარს უჭერს ამ თემისგან თავის შეკავებას, თუ ეს მათ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის წინააღმდეგ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო - პირველად, 2019 წელს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლის გამო, ხოლო მეორედ, 2021 წელს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს აჯანყებისკენ წაქეზების ბრალდებით. თუმცა, სულ რაღაც ერთი საპრეზიდენტო საარჩევნო ციკლის შემდეგ, ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის გადაწყვეტილება კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს - წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ (218 ხმა) და სენატის წევრთა ორმა მესამედმა (67 ხმა). დღემდე აშშ-ის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურის შედეგად თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს.