საქართველოში რევოლუცია არ მოხდება – კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სახელმწიფოზე ვინც ხელს აღმართავს, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრად დაისჯება.
„რევოლუციების ახალი სეზონი იწყება. ამ უსამშობლოების ასეთ საქმიანობას უკვე მიჩვეული ვართ. ამ უსამშობლოებს თავიანთი პატრონი და დირიჟორი ჰყავთ. ამ შემთხვევაში, მათი დირიჟორი IRI-ს რეგიონული ხელმძღვანელი დიპია. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ვაუწყეთ, რომ ქაოსი, დაძაბულობა, რადიკალიზაცია და ახალგაზრდების გამოყენება ისევ მოხდებოდა და ეს ყველაფერი 13 სექტემბრიდან დაიწყებოდა. გუშინ რუსეთიდან დაფინანსებულმა ხოშტარიამ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი ოჯახი რუსეთიდან ფინანსდება და ამ თემას უსირცხვილოდ მაინც არ ეშვებიან. დაიმალონ მაინც და საზოგადოებაში არ გამოჩნდნენ. რუსული ყაიდის ოპოზიცია გვყავს, რუსეთიდან ფინანსდებიან. დააანონსეს, თურმე 13 სექტემბრიდან დედაქალაქს ცეცხლის ალში გაახვევენ და პიკეტირება იქნება. ეს ემსახურება ერთ ამოცანას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს და მარიონეტები დასვან, შემდეგ კი ის კანონი და ის გადაწყვეტილებები მიაღებინონ, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. არაფერი გამოუვათ, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს ამოცანაა, მშვიდობა შეინარჩუნოს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ეროვნული ღირებულებების უგულვებელყოფა არ დაუშვას. საქართველოში რევოლუცია არ მოხდება – კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ.
მშობლებს მივმართავ, ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებენ. ბედნიერი არ ვართ, როცა სასამართლოს გარეთ მშობლები დგანან და ტირიან. თავიანთ შვილებზე უნდა ეზრუნათ, რომ იქნებ გადაერჩინათ, რათა პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილები“ არ ესროლათ. ვიდრე გვიან არ არის, შვილები მოიკითხონ – მცდელობაა, რომ უსამშობლოებმა ახალგაზრდები გადატრიალებისთვის გამოიყენონ. მათ ამზადებენ ძალადობისთვის და იმისთვის, ეს ქვეყანა როგორ ჩამოაქციონ. თავიანთი შვილები შეიცოდონ, შემდეგ გვიან იქნება. მზად ვართ, ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ. რაც შეეხება ბოიკოტისკენ მოწოდებას, რადიკალებს ორი პატრონი ჰყავთ – ერთნი „ლელო“-გახარიას პატრონობენ, მეორენი – რადიკალურ ოპოზიციას. ეს პირდაპირი შტურმი და ძალადობაა სახელმწიფოზე. ესენი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაერთიანდებიან. მათი ამოცანაა, ქვეყანა ისევ ქაოსში შეიყვანონ, ინსტიტუციები ჩამოანგრიონ და რევოლუცია მოახდინონ. სახელმწიფოზე ვინც ხელს აღმართავს, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრად დაისჯება. უსამშობლოებს ქვეყანას არ დავუთმობთ, ეს გამორიცხულია. საქართველოს ქაოსი და არეულობა არ სჭირდება. ქვეყანას არ ავარევინებთ, უფრო მეტად მკაცრად დავდგებით და ქვეყანას დავიცავთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.