დღეს, 4 თებერვალს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
სკრინინგცენტრში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ადრეული გამოვლენის და გადარჩენის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება. გარდა ამისა, აღნიშნული ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე სტუდენტური მსვლელობა გაიმართება. სტუდენტები და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საინფორმაციო მასალას დაარიგებენ და საზოგადოებას კიბოს პრევენციისათვის საჭირო ზომებს გააცნობენ. გავრცელდება ასევე "კიბოს საწინააღმდეგო მსოფლიო დეკლარაცია", რომელზედაც ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.