ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის კრიტიკას, რომლის თქმითაც, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი მოკავშირეებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
სტორეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებების ერთიანი მიდგომა არ შეუმუშავებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად პუტინს არა მთელი ევროპის, არამედ საკუთარი ქვეყნების სახელით ესაუბრა.
„ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირს არ ჰქონია არც ერთიანი გზავნილი და არც ერთიანი მიდგომა... ჩვენ არავის სახელით არ ვსაუბრობთ, გარდა საკუთარი ქვეყნებისა, თუმცა ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად განიხილებოდა და ყველა ჩვენი მოკავშირე წინასწარ იყო ინფორმირებული“, - განაცხადა სტორემ.
მისი თქმით, კრემლის ლიდერთან სატელეფონო საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 27 ოქტომბერს, სტუბმა და სტორემ პუტინთან სატელეფონო საუბარი საკუთარი ინიციატივით გამართეს. სტუბის შეფასებით, საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს მკაფიოდ განუცხადეს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დეესკალაციის რეალური ნაბიჯების აუცილებლობის შესახებ. მათ ასევე განიხილეს ნოემბერში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა ჯგუფების დონეზე დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მომზადება.