ხვალ, 8 იანვარს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განაცხადების მიღება სრულდება.
განაცხადების მიღება 4 იანვარს დაიწყო. კონკურსი სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა.
ცესკოს 13 წევრიდან, რომელიც სხვადასხვა დროს 5 წლის ვადით დაამტკიცეს, სამს _ გიზო მჭედლიძეს, ლუხუმ ბურჯალიანსა და ემზარ ფაჟავას _ უფლებამოსილება უწყდება.
უფლებამოსილება ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილსაც შეუწყდა, თუმცა, ამის მიზეზი არა თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა, არამედ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება გახდა. ამ ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი წევრები კი ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთს აირჩევენ.