აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლა და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, არსებული იმედგაცრუების ფონზე მსგავსი შეხვედრა შესაძლოა არც გამართულიყო.
როგორც Reuters აღნიშნავს, ნატოს გენერალური მდივანი, შეხვედრისას დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა. ამისთვის მან ფრთხილი წინააღმდეგობაც გაუწია ტრამპის შეფასებებს, როდესაც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე მოკავშირეების ყოყმანი მხოლოდ „ცალკეული შემთხვევებით“ შემოიფარგლებოდა.
„ვიცი, რომ იყო ცალკეული შემთხვევები, რომლებმაც თქვენ ნამდვილად გაგიცრუათ იმედი, მაგრამ ზოგადად თქვენი ევროპელი მოკავშირეები თქვენს გვერდით იდგნენ,“ -- განაცხადა რუტემ.
ტრამპი, როგორც ჩანს, ბოლომდე არ დაეთანხმა ამ შეფასებას და პერიოდულად აწყვეტინებდა რუტეს, თუმცა მაინც შეაქო მისი ხელმძღვანელობა.
„ნება მომეცით, ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია. კარგი ადამიანი, გამორჩეული ლიდერი და შესანიშნავი გენერალური მდივანია. მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, დღეს აქ საერთოდ არ შევიკრიბებოდით, გულწრფელად რომ ვთქვა, რადგან იმედი გაგვიცრუვდა. ამ საკითხში დახმარება საერთოდ არ გვჭირდებოდა. ირანი ფაქტობრივად პირველივე კვირაში გავანადგურეთ. თუმცა კარგი იქნებოდა, მოკავშირეებს ეთქვათ: „ჩვენ დახმარება გვინდა შემოგთავაზოთ“. ეს დახმარება არც კი გვჭირდებოდა, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, ეს რომ ეთქვათ. მათ კი ეს არ უთქვამთ. მაგრამ როგორც გენერალური მდივანი და ის მთელი ამ სისტემის ხელმძღვანელია, ვფიქრობ, მისთვის რომ დამერეკა, საჭიროების შემთხვევაში ის სავარაუდოდ დახმარების გზას იპოვიდა. თუმცა, ეს არ გამიკეთებია – ცალკეულ ქვეყნებს ვუკავშირდებოდი, რათა მათი პოზიცია გამეგო,“ - თქვა ტრამპმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუტე ვაშინგტონში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ირანის ომისა და ევროპიდან ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირების შესახებ ვაშინგტონის განცხადებების ფონზე წარმოქმნილი უთანხმოება შეამსუბუქოს. ეს ვიზიტი ივლისში ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა მნიშვნელოვანი სამიტის წინ იმართება.