ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ტაჯიკეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. განცხადება ამის შესახებ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავლატ ნაზრიევმა გააკეთა.
"ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თავის ტაჯიკ კოლეგას, ემომალი რახმონს, პირისპირ შეხვდება, ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებას გაფართოებულ ფორმატში გამართავენ", _ განაცხადა ნაზრიევმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების გაფორმება იგეგმება.
ირანის პრეზიდენტი ვიზიტის დროს ტაჯიკეთში მდებარე სანგტუდიის ჰიდროელექტროსადგურს მოინახულებს, რომლის მშენებლობასაც ირანული კომანიები აწარმოებენ. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ირანს 180 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, კიდევ 40 მილიონს კი ამ მშენებლობაში ტაჯიკეთის მთავრობა დებს. სულ ტაჯიკეთში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 15 ერთობლივი დაწესებულება მუშაობს. ირანი ტაჯიკეთის სიდიდით მეექვე პარტნიორია.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის იანვარ-ნოემბერში ორ სახელმწიფოს შორის საქონელბრუნვა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე 43,3 %-ით შემცირდა. ტაჯიკეთის საქონლის ექსპორტმა ირანში ამ პერიოდში 44,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ირანის იმპორტმა კი ტაჯიკეთში _ 70,8 მილიონი აშშ დოლარი.
ბოლოს ახმადინეჯადი ტაჯიკეთს 2008 წლის აგვისტოში სტუმრობდა. ემომალი რახმონი კი ირანში 2009 წლის მარტში იმყოფებოდა.