საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს. ამ დღეს ქართული პატრიოტული ძალების ძალისხმევით ჩაიშალა კრემლის გლობალური ამოცანა — საბჭოთა იმპერიის არარუსული მოსახლეობის ეტაპობრივი რუსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ისტორიული კონტექსტი და ენის ფაქტორი. ქართული ენა მუდამ იყო ეროვნული იერსახისა და სულის შენარჩუნების მთავარი გარანტი. როდესაც საფრთხე დაემუქრა კონსტიტუციაში სიმბოლურად დარჩენილ სახელმწიფო ენის სტატუსს, ბუნებრივია, ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია როგორც ეროვნულ ძალებში, ისე რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პატრიოტულ ნაწილში. თუმცა, მთავარი კითხვა იყო — ვინ შეძლებდა წინააღმდეგობის ორგანიზებას? ცხადი იყო, რომ რესპუბლიკის პასუხისმგებელი პირების მიერ უკმაყოფილების (მით უმეტეს წინააღმდეგობის) აშკარად გამოხატვით პრობლემა ვერ გადაწყდებოდა, უკეთეს შემთხვევაში მათ უარესი პიროვნებებით შეცვლიდნენ და თავის საქმეს მაინც გააკეთებდა კრემლი.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც არ იყო იმ დონეზე ფორმირებული, რომ მასშტაბური აქციები ჩაეტარებინა. ამას თან ერთვოდა ლიდერების (ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ვ. რცხილაძე) პატიმრობაში ყოფნა. საბჭოთა სისტემაში თითოეული სხვაგვარად მოაზროვნე სასტიკი მეთვალყურეობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, თავისუფალი აზრის გამოთქმაც კი გმირობის ტოლფასი იყო, არაფრის გასაქანი არ ჰქონდა, სამშობლოსათვის თავდადებული და თავშეწირული უნდა ყოფილიყავი რამე რომ გაგეკეთებინა, ასეთები მაშინ თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ, შეზღუდული იყო მათი საქმიანობის აფიშირების არეალი (მასმედიას მთლიანად კრემლის ხელისუფლება განაგებდა, არალეგალური გამოცემები მცირე რაოდენობით ვრცელდებოდა (არც ქსეროქსები იშოვებოდა, საბეჭდი მანქანების შრიფტებიც კი აღრიცხული იყო), მიტინგებისა და დემონსტრაციების მოწყობაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, ამასთანავე ძლიერი იყო ხალხში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებით გამოწვეული შიშის სინდრომი.
ორგანიზაციული ხელწერა: პროტესტის კულისები. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა ძალა, რომელიც რესპუბლიკის პირველი პირის, ედუარდ შევარდნაძის სანქციის გარეშე შეძლებდა ამ მასშტაბისა და ასეთი რაფინირებული ორგანიზების მქონე აქციის ჩატარებას. ეს აშკარად მისი „ხელწერა“ იყო, რაც, რა თქმა უნდა, არ აკნინებს ხალხის გმირობას — პირიქით, ეს იყო პატრიოტული სულისკვეთებისა და პოლიტიკური გათვლის იშვიათი თანხვედრა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ე. შევარდნაძის გარდა არც არავინ გამოსულა ამ აქციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობის აღების განცხადებით.
აქციის ჩატარების პროცესი მოითხოვდა (კრემლის თვალების, ყურების და საცეცების სისტემის პირობებში) სამი ურთულესი ამოცანის გადაჭრას:
1. ინფორმაციული კამპანია და „შებრუნებული ფსიქოლოგია“. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციის ფართო მასებამდე დაყვანა უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი ე.წ. პოლიტიკურ დოკუმენტებსა და მშრალ საკონსტიტუციო მუხლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მიზნით, ედუარდ შევარდნაძე ხვდება დაახლოვებულ ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს და არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში დიპლომატიურად აყენებს მათ საქმის კურსში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მათ უნდა ემუშავათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მისაღები სათანადო ჩარჩოების ფარგლებში. შედეგმაც არ დააყოვნა და მალე არაერთი პატრიოტული შინაარსის ტექსტი დაიბეჭდა და ზოგიც ხელნაწერის სახით გავრცელდა.
განსაკუთრებით საგულისხმოა შევარდნაძის ვიზიტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ის მოკლე დროში სამჯერ ეწვია უნივერსიტეტს და ყოველი მოხსენების შემდეგ აუდიტორიას კატეგორიული ტონით აფრთხილებდა: „არ გამოხვიდეთ!“. ამ გაფრთხილებების დინამიკამ საინტერესო ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა:
- პირველ ჯერზე ამ მოწოდებას ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან დემონსტრაციაზე გამოსვლას ისედაც არავინ გეგმავდა.
- მეორე გაფრთხილებაზე სტუდენტობა და პროფესურა უკვე შეფიქრიანდა.
- მესამე ვიზიტისას კი დაჟინებულმა მოთხოვნამ „არ გამოხვიდეთ!“ პირიქით — საპროტესტო მუხტი გააღვიძა და უნივერსიტეტელებს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგა.
პარალელურად, მასების მობილიზებისთვის გამოყენებულ იქნა პირველადი პარტიული ორგანიზაციებიც. პარტკომები, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ კრებების ნამდვილ დანიშნულებაზე, ჩვეული გულმოდგინებით ატარებდნენ შეხვედრებს, რითაც უნებლიეთ ხელს უწყობდნენ ინფორმაციის გავრცელებასა და ხალხის მომზადებას.
2. მართვადი პროტესტი და „წინააღმდეგობის თეატრი“. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხალხის ქუჩაში გამოყვანა და პროტესტის სასურველ ჩარჩოებში მოქცევა იყო. ეროვნული მოძრაობიდან აქ არავინ ჩანს, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. პირიქით, ჩარჩოში მოაქციეს, იმ დღეს დისიდენტური ლოზუნგების გაჟღერების ნება არ მიცეს. ეს კარგად ჩანს თამრიკო ჩხეიძის სიტყვებში: „წინა დღეებში ვრცელდებოდა ზეპირსიტყვიერად აზრი, რომ უნდა ჩატარებულიყო უმაღლესი საბჭოს სხდომა. ადგილი და დრო ცნობილი იყო და უნდა განეხილათ ეს კონსტიტუციის შესწორება — მიეღოთ ან არ მიეღოთ. ეს ცნობა ძალიან ეფექტურად გავრცელდა მთელ საქართველოში — უფრო სწორად, თბილისში. ჩემი აზრით, არ არსებობდა რაღაც ერთი ხელმძღვანელი ორგანო თუ ორგანიზატორი, უბრალოდ ცნობილი იყო თარიღი და საზოგადოებაში ტრიალებდა აზრი, რომ რახან ამ დროს ხდება ამის გადაწყვეტა, აი, აქ უნდა მივიდეთ“ (უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტების ზეპირი ისტორიები. (2018). სამეცნიერო რედაქტორი მ. მაცაბერიძე. გამომცემლობა თსუ. გვ. 49-50.). აუცილებელი ხდებოდა ღია ანტისაბჭოთა და ანტირუსული განწყობილებების მაქსიმალური შეზღუდვა, რადგან რადიკალური ლოზუნგები იმ მომენტისათვის მთავარი მიზნის მიღწევას — ენის სტატუსის შენარჩუნებას — საფრთხეს შეუქმნიდა. ამგვარად, ვიღებდით სახელმწიფო ენის დაცვის მოტივით შექმნილ გრანდიოზულ, თუმცა ფრთხილად მართულ დემონსტრაციას.
ამ პროცესში საინტერესო როლს თამაშობდნენ კომკავშირელი აქტივისტები. თვალშისაცემი იყო (პირადად ვარ ამ ფაქტის მომსწრე), როგორ ახდენდნენ ისინი უნივერსიტეტის წინ შეკრებილი, „9 მარტის სინდრომით“ დაშინებული და გაუბედავი ადამიანების პროვოცირებას, რათა მასა მცირერიცხოვან გაბედულებს გაჰყოლოდა. ამ გარემოებას ადასტურებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზურიც: „მოვიდნენ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტიდან... შეშფოთებულები იყვნენ, არ უნდოდათ ამ მანიფესტაციის დაშლა... მიტინგი ვერ ჩატარდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს იშლებოდა ხალხი და, უცბად რამდენიმე ბიჭმა თქვა: წავედით ახლა და ვინც წამოგვყვება, წამოგვყვებაო. წავიდა ის ათი ბიჭი და წაჰყვა ზღვა ხალხი, არავითარი წინააღმდეგობა მილიციის კორდონს არ გაუწევია“ (უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტების ზეპირი ისტორიები. (2018). სამეცნიერო რედაქტორი მ. მაცაბერიძე. გამომცემლობა თსუ. გვ. 62.).
აშკარა იყო, რომ სამართალდამცავები მხოლოდ შეკავების იმიტაციას ახდენდნენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ მთავრობის სახლისაკენ დაძრული უზარმაზარი მასა რუსთაველის თეატრის წინ (რა სიმბოლურია — თეატრი!) ერთ რიგად ჩამწკრივებულ, უიარაღო მილიციელთა ხელჩაკიდებულ ჯაჭვს შეეჩერებინა. მათი ფუნქცია „წინააღმდეგობის თეატრის“ გათამაშება იყო. პროცესის მართვადობაზე სხვა დეტალებიც მიუთითებდა:
- ფსიქოლოგიური სტიმული: დემონსტრანტების კვალდაკვალ მოძრავი ავტოინსპექციის მანქანის მიკროფონიდან პატრიოტული ლექსები ისმოდა (ისეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, თითქოს ამ ლექსებს კითხულობდა ავტოინსპექციის მანქანაში მჯდომი დისიდენტი თამრიკო ჩხეიძე), რაც ცეცხლზე ნავთს ასხამდა და მუხტს აძლიერებდა.
- მკაცრი ფილტრაცია: აშკარა იყო, რომ დემონსტრანტებში მრავლად იყვნენ გადაცმული უშიშროების თანამშრომლები. ნამდვილი პატრიოტების მცდელობა, გაეჟღერებინათ „არაგეგმიური“ პოლიტიკური მოთხოვნები (მაგალითად: „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას!“), ყოველთვის მარცხით სრულდებოდა — სისტემა მხოლოდ დაშვებულ ლოზუნგებს „ატარებდა“.
3. პროცესის მართვა. მთელი ეს პროცესები თავიდან ბოლომდე მართვადი და შენიღბული უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდუვალი იქნებოდა, ყველა შედეგით. მართლაც, პროცესი მოქცეული იყო კონკრეტულ ჩარჩოებში, რათა თავიდან აეცილებინათ ღია ანტისაბჭოთა ლოზუნგები, რაც მოსკოვს ძალის გამოყენების საბაბს მისცემდა.
ისტორიული შედეგები და გარდამტეხი როლი. 14 აპრილის აქციამ, კონკრეტული მიზნის მიღწევის გარდა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებაში:
- ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება: გამოფხიზლების პროცესს მასობრივი ხასიათი მიეცა. გაჩნდა რწმენა, რომ ერთიანობით შესაძლებელია იმპერიის უკან დახევა. საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში დამკვიდრდა გადამწყვეტი ცნება — „შეიძლება“.
- „9 მარტის სინდრომის“ დაძლევა: გადაილახა 1956 წლის მოვლენებით გამოწვეული პანიკური შიში. ამ თვალსაზრისით სიმბოლურია მსახიობ რუსლან მიქაბერიძის ეპიზოდი, რომელიც რუსთაველის თეატრთან ექსპრესიულად აფრთხილებდა ხალხს შესაძლო დახვრეტის შესახებ — ეს იყო იმ შიშის ბოლო გამოძახილი, რომელიც დემონსტრანტებმა ერთად გადალახეს.
- ახალი ეტაპის დასაწყისი: აქციამ ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის თვისებრივ და რაოდენობრივ ზრდას, რაც საბოლოოდ დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.
ჰენრი კუპრაშვილი
14 აპრილის საპროტესტო აქციის თვითმხილველი და უშუალო მონაწილე