თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". 24 სექტემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ~ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა. გამოტანილი იყო 24 ლოტი - ყველა სოჭის გირჩით სარგებლობის.
აქედან 14 რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ამბროლაურის სატყეო უბნის თლუღის ყოფილ სატყეო უბანზე მდებარე ობიექტებია, 2 - ამავე სატყეო უბნის ნიკორწმინდის ყოფილ სატყეო უბანში მდებარე, 4 ობიექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭრწყლის ყოფილ სატყეო უბანში მდებარეობს, 4 კი ამავე სატყეო უბნის ტაძრისის ყოფილ სატყეო უბანში.
აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე სამინისტროში განაცხადების შეტანის ვადა 25 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით იყო. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 11-მა მეწარმემ, კონკურენცია დაფიქსირდა ყველა ლოტზე, გაიყიდა 24-ვე ობიექტი. საერთო ჯამში აუქციონის შედეგად შესულმა თანხამ 4 337 318 ლარი შეადგინა.