სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან მედიკოსთა პროფესიული ასოციაციების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოში მოქმედი სამედიცინო ფარმაცევტული სფეროს ასოციაციების კოორდინირებულ მუშაობას, რათა მათი პროფესიული გამოცდილებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების სწორი გამოყენებით მოახდინოს სამედიცინო სფეროს პრობლემების შესწავლა და ანალიზი. იგი ამ პრობლემების გადაჭრისთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.
საბჭო ორგანიზებას გაუწევს პროფესიული ასოციაციების მუშაობის გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას. საბჭო ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე ხელს შეუწყობს აღმასრულებელი სტრუქტურების დეცენტრალიზაციას და ადმინისტრირების საკითხთა სფეროში რეფორმების განხორციელებას.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი გიორგი ლობჟანიძე დაასახელა. დღესვე კომიტეტის წევრებმა საბჭოს დებულება დაამტკიცეს.