უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა რუსეთს საკუთარ ტერიტორიებს არ დაუთმობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება. აქ კილომეტრები არ არის მთავარი. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა და სხვა ქვეყნები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებენ. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმაც იცის ამის შესახებ.
„სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს არ ესმის, თუმცა ეს მათი საქმეა“, - დასძინა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული სისტემა Starshield უკრაინაში მუშაობის სრულად აღდგენას ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.
ზელენსკის თქმით, მთავარი პრობლემა ჩამჭრელი რაკეტების მწვავე დეფიციტია, რის გამოც უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო საშუალებები თითქმის აღარ აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, მართალია, უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა ქვეყანას საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული რაოდენობა მიაწოდეს, თუმცა ეს რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საკმარისი არ არის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის უმთავრესია, მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოხსნან და კიევს უფრო სრულყოფილი რაკეტები მიაწოდონ.