საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.
კვლევა პროექტის `ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში~ ფარგლებში ჩატარდა და მთელი კახეთი მოიცვა. მოქალაქეები გამოკითხულ იქნენ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში.
`გამოვკითხეთ პედაგოგები, გლეხები, ფერმერები და ახალგაზრდები. გამოკითხვამ საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა. გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ამასთან, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობისათვის უცნობია, რა ფუნქციები აქვს საკრებულოს~, - განაცხადეს საია-ს თელავის ოფისში.
კვლევის შედეგებს არ ეთანხმება კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კვლევის შედეგები მთლად სარწმუნო არ არის. იმდენი მოქალაქე წერს რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადებას, რომ არ შეიძლება კვლევას ეს შედეგი ეჩვენებინა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კახეთში არც საკადრო ცვლილებები მომხდარა~, - აღნიშნა სიბაშვილმა.