საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ კათოლიკებს შობა მიულოცა.
პრეზიდენტი ეკლესიაში ღამის 12 საათისათვის მივიდა. მოგვიანებით კი ტაძარში მყოფთ სიტყვითაც მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სიძლიერე მის რელიგიურ მრავალფეროვნებაშია და ქვეყანას ბევრი პატრიოტი კათოლიკე ახსოვს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა ყველას უნდა ახსოვდეს საქართველო და მას წრფელი გულით უნდა ემსახუროს.
"მე ვიცი, რომ თქვენ წარმოადგენთ ძალიან მრავალრიცხოვან და ძალიან საინტერესო ჯგუფს ქართველი კათოლიკების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლასტი ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის მრავალფეროვნებაში. ჩვენი ერთიანობა არის ჩვენს სხვადასხვაობაში მაგრამ ჩვენი ერთიანობა ასევე არის იმაში, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები და ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს პატრიოტები. მინდა გავიხსენო, რომ ძალიან დიდი პატრიოტები იყვნენ კათოლიკური ეკლესიის მრევლი და რაც მთავარია ყველა ჩვენგანს მიუხედავად ჩვენი რწმენისა და მიუხედავად იმისა თუ რომელ ეკლესიას მივეკუთვნებით, მიუხედავად იმისა ვართ ქრისტიანები თუ არ ვართ ქრისტიანები ჩვენ ყველანი ვართ ქართველები და საქართველოს შვილები და ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა ბედნიერი შობა ახალი წელი გისურვოთ", _ განაცხადა კათოლიკურ ეკლესიაში მიხეილ სააკაშვილმა.
სადღესასწაულო მესა ჯუზეპე ვაზუტომ აღავლინა და საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები