დღეს, 16 დეკემბერს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
ანდრეს ფოგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტის წინ შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს სურს, რომ რუსეთი მას უფრო მეტად დაეხმაროს ავღანეთში, უფასოდ მიაწოდოს დიდი რაოდენობის შეიარაღება
მისი თქმით, არსებობს დამატებითი შესაძლებლობები ამ ომში (ავღანეთში) რუსეთთან სათანამშრომლოდ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რასმუსენის ვიზიტი ემსახურება ალიანსსა და რუსეთს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
აპატურაის განმარტებით, რასმუსენი მოსკოვში ვიზიტისას ყურადღებას გაამახვილებს ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და რუსეთის წინაშე მდგარ საერთო საფრთხეებზე, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმზე, საზღვაო მეკობრეობასთან ერთობლივი ძალისხმებით ბრძოლაზე და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთში შექმნილი ვითარება იქნება.
"ის მიიჩნევს ავღანეთს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად მომავალ წელს ჩვენს შორის თანამშრომლობის საკითხში და საუბარი წარიმართება იმაზე, თუ რა შეგვიძლია ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ავღანეთთან მიმართებაში", - განმარტა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები, რომელიც შარშანდელი ომის შემდეგ შეწყვეტილი იყო ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატით რამდენიმე დღის წინ აღდგა.
ნატოს ოფიციალური პირების განმარტებით, საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მხარეებს შორის შეუთანხმებელ საკითხად.
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით 15 დეკემბერს ჩავიდა, igi მოსკოვს 17 დეკემბერს დატოვებს.