აზერბაიჯანისა და სოხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის ყაზანში გამართული შეხვედრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა, უშედეგოდ დასრულდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა მათ აღნიშნეს პროგრესი ამ გზაზე და სამიტის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიღწეულია ურთიერთგაგება რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას".
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვოდა მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელმაც, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "კიდევ უფრო დააახლოვა მხარეთა პოზიციები".
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ძირითადი პრინციპები, ე.წ. მადრიდის პრინციპები აზერბაიჯანსა და სომხეთს საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარუდგინეს. გასულ წელს, შუამავლებმა ასევე ორივე მხარეს ამ პრინციპების განახლებული ვარიანტი გადასცეს.
მადრიდის პრინციპები გულისხმობს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაბრუნებას, მთიანი ყარაბაღის გარდამავალ სტატუსს, რომელიც უსაფრთხოებისა და თვითმმართველობითაა უზრუნველყოფილი, დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს აერთებს, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრისათვის რეფერენდუმის ჩატარებას იურიდიულად სავალდებულო დევნილების დაბრუნების პირობით, უფლებას ყველა გადაადგილებული პირისა დაბრუნდეს ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე, საერთაშორისო უსაფრთხეობის გარანტიებს, სამშვიდობო ოპერაციის ჩათვლით.
შეგახსნებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც უმეტესად სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 1991 წელს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა. ამის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ძალაში ზავი შევიდა, შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე შვიდ რაიონზე.