რუმინეთის მთავრობამ დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შავ ზღვაში ოთხი საზღვაო დრონის შესახებ, რომელთაგან ერთი კონსტანცის პორტში აფეთქდა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 5 ივნისს დილით, კონსტანცის პორტში საზღვაო დრონის აღმოჩენის შემდეგ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელ კოლეგებს დაუკავშირდა. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ ოთხ დრონზე კონტროლი დაკარგა.
მათგან ერთ-ერთი სწორედ კონსტანცის პორტში აფეთქდა.
„დანარჩენი სამი დრონი თვითგანადგურდა - ორი ზღვაში, ხოლო ერთი პორტის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ფაქტები დაადასტურა როგორც უკრაინულმა მხარემ, ისე რუმინეთის ხელისუფლების მიერ მიღებულმა მონაცემებმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუმინეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს მსგავსი ინციდენტების შესახებ დაუყოვნებლივი ინფორმირებისკენ მოუწოდა, რადგან ასეთმა შემთხვევებმა შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკები შექმნას.
მანამდე რუმინულმა მედიამ შავ ზღვაში ოთხი საზღვაო დრონის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ხოლო კონსტანცის ოლქის პრეფექტმა, ადრიან პიკუ, განაცხადა, რომ დრონების რაოდენობა შესაძლოა ხუთიც ყოფილიყო.