შემოსავლების სამსახური პოლიტიკურ პარტიებს "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში მიმდინარე შემოწმების თემის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელის, ანა გოგიჩაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურს კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ახორციელებს და ამაში მას ხელი პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა შეუშალონ.
„ამ ეტაპზე, რამდენიმე ათეულ ორგანიზაციასთან ერთად, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს "მედიაპალიტრის" ოთხ საწარმოში. ესენია: შპს "ჯეპ", შპს გამომცემლობა "კოლორი", შპს "პოლიგრაფიული მასალები" და შპს გამომცემლობა "პალიტრა L". არც ერთი საწარმო დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა", - განაცხადა ანა გოგიჩაძემ.
მისივე განმარტებით, გეგმიური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესი ხანმოკლე და მარტივი პროცედურაა.
"ეს პროცესი ხელს არ შეუშლის საწარმოების მუშაობას. შემოწმება "მედიაპალიტრის" დასახელებულ ორგანიზაციებში მიმდინარეობს კანონის ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად, არ ფერხდება სამუშაო რეჟიმი. ინვენტარიზაციით ხელი არ ეშლება "მედია პალიტრის" მუშაობას და არ ფერხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გაზეთ "კვირის პალიტრის", რადიოს და სხვა მედიასაშუალებების მუშაობა და ინფორმაციის გავრცელება", - განაცხადა გოგიჩაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ინვენტარიზაციის პროცესის შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდება.