დღეს, კრიმინალის შემცირების ფონზე, სამართალდამცველი სისტემის მთავარი გამოწვევა დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნებაა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, გარკვეული შედეგის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნება.
"ამ მიმართულებით მთავარ აქცენტებს განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვაკეთებთ. ცხოვრება დინამიკურად იცვლება და უნდა შეიცვალოს პოლიციაც. ეს უნდა მოხდეს, პირველ ყოვლისა, განათლების, პრაქტიკის, წვრთნების ხარჯზე. გვინდა, რომ ის ჩვევები და ის წარმატებები, რომლებიც დღეს გვაქვს, იქცეს ყოველდღიურ ნორმად, ტრადიციად. მომავალი პოლიციელებისთვის უნდა არსებობდეს ის სტანდარტები, ტრადიციები, რომლებსაც დღეს ჩაყრება საფუძველი", - განაცხადა მერაბიშვილმა.