გუშინ ღამით სამართალდამცავების მიერ დაკავებული „ქართული პარტიის" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ერგემლიძის სასამართლო პროცესი ხაშურში გაიმართება, მისი მანქანა კი გორში საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
კახა ერგემლიძემ შეძლო თანაპარტიელებთან დაკავშირება და აცნობა, რომ საპატრულო პოლიციამ ღერძულა ხაზის გადაკვეთის საბაბით გააჩერა, დაკავების მიზეზად კი სამართალდამცავებმა ალკოჰოლის ტესტის გავლაზე უარის თქმა დაასახელეს.
როგორც კახა ერგემლიძე აცხადებს, სამართალდამცავები ცრუობენ.
„როდესაც საპატრულო პოლიციამ გამაჩერა, მე მობილური ტელეფონით ორ თანაპარტიელს ჩუმად დავუკავშირდი და სამართალდამცავებთან ჩემს საუბარს ვასმენინებდი. მათ მოისმინეს, რომ მე ალკოჰოლის ტესტი გავიარე და ამ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. შემდეგ პოლიციელებმა მომთხოვეს, იგივე ტესტი მეორედაც გამევლო, ამის შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის საბაბით დამაკავეს. მე მათ ვუთხარი, რომ საუბარს ჩემი თანაპარტიელები ისმენდნენ და მათი ტყუილი ადვილად გამჟღავნდებოდა, რის შემდეგაც ტელეფონი წამართვეს", - აცხადებს კახა ერგემლიძე.