ქუთაისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობიდან სასმელი წყლის დავალიანების ამოღებას "კუდის" თანამშრომლები ცდილობენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ აცნობა.
წულაიას ინფორმაციით, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კუდის თანამშრომლები ფიზიკური ანგარიშსწორებით და "კარებების შემტვრევით" დაემუქრნენ.
"ქალაქის გარეუბნებში განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ. იმაზე, რომ დავალიანება ყველამ უნდა გადაიხადოს, არავინ დაობს, თუმცა კუნთმაგარი კუდის თანამშრომლებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ უნდა აშინებდნენ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და ქუთაისის მერიის ყველა სამსახურს კუდი აკონტროლებს. ქალაქის მერია და ადგილობრივი თვითმმართველობა უღირს და უფუნქციო ორგანოდ იქცა", - განაცხადა გოგი წულაიამ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჯილდა მაჭავარიანი "კუდთან" რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ "კომპანიაში არა-ერთი დეპარტამენტი ფუნქციონირებს და თანამშრომლებიც სპეცფორმებით მუშაობენ".
"ალბათ შეცდნენ, ახალგაზრდა ბიჭებს რომლებიც სპეცფორმებში მუშაობენ კუდის კვალიფიკაცია მიანიჭეს. დავალიანება კი ყველამ უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ონკანის გადაკეტვა არავის უნდა გაუკვირდეს", - განაცხდა "ჯი-ეიჩ-ენთან" მაჭავარიანმა.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების სასმელი წყლის დავალიანება 50-დან 100 ლარამდე მერყეობს.