ვლადიკავკაზის ერთ-ერთ ღამის კლუბში ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს. სავარაუდო მკვლელი მილიციაში უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი ჩხუბის შედეგად, რომელიც ღამი კლუბ "რეტროს" ჰოლში გაიმართა, მოკლულები არიან სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სახელმწიფო დაცვის უფროსის მოადგილე ალიმ კაბულოვი 30 წლის და მისი კოლეგა ოლეგ იკაევი", _ იუწყება პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ მკვლელი "35 წლის ვლადიკავკაზის მაცხოვრებელია, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებმა მალევე დაადგინეს. თუმცა იგი მილიციაში თავად გამოცხადდა".
წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის დროს დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, რომელიც მას ოპონენტმა წაართვა და ორივე ადგილზე მოკლა.